ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენიდან ორი დღის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ზოგიერთი თვითდასაქმებული ერთჯერადად დასარიგებელ სამას ლარსაც ვერ მიიღებს, მაშინ, როცა მოსახლეობის ეს ფენა დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებს და ელოდება.
რატომ დარჩნენ თანხის გარეშე, ამ დრომდე მათთვის არავის აუხსნია. ხელისუფლებამ დახმარების გარეშე დატოვა ძიძები, მძღოლები, დამლაგებლები, დამხმარეები, - ისინი, ვინც ფიზიკურ პირებთან მუშაობდნენ.
პრემიერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ არაფორმალურ სექტორში მომუშავეებს ბიუროკრატიული ბარიერები დახმარების მიღებისას არ შეექმნებოდათ.
თვენახევრიანი მოლოდინის შემდეგ წარმოდგენილი ეკონომიკური და სოციალური შემწეობის პაკეტი ისევ მხოლოდ ფურცელზეა, მოქალაქეებს კვლავ კვირების ლოდინი და იმის მტკიცება უწევთ, რომ მათთვის ბიუჯეტიდან პანდემიის დროს გამოყოფილი მინიმალური თანხა ნამდვილად ეკუთვნით.