logo
ENG



ვირუსის კერად შესაძლოა, სოციალური მომსახურების ცენტრები იქცეს

11 მარ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

ვირუსის აფეთქების კერად შესაძლოა, სოციალური მომსახურების ცენტრები იქცეს. ადგილი, სადაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი მიდის, ჰიგიენის ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. შეუძლებელია, პირველი რიგის რეკომენდაციის დაცვაც - ხელების დაბანა.

სოციალური მუშაკები დახმარებას ითხოვენ. პროფესიულ ჯგუფს, რომელიც მაღალი რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობას ემსახურება, სახელმწიფო დაცვის არანაირ პირობას არ უქმნის. სოც-მუშაკები ამბობენ, რომ ამით ჩანს, რამდენად არ აღელვებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სოციალური დაცვა ეპიდსიტუაციის ზღვარზეც კი.

თამუნა წიკლაური ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრის სოციალური მუშაკია. მას ყოველდღიურად ასობით ბენეფიციართან აქვს კომუნიკაცია. გარემო, სადაც თამუნა ბენეფიციარებს ხვდება, ჰიგიენის მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. მდგომარეობა ვერც კორონავირუსის საფრთხემ შეცვალა. სერვისცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს სველი წესით ამ დრომდე არ დაუმუშავებია და არც სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარებია. დასაქმებულებსა და ბენეფიციარებს, რეკომენდაციების მიუხედავად, არც ანტისეპტიკური ხსნარებითა და პირბადეებით ამარაგებენ.

ადგილზე, სადაც ისანი-სამგორის რაიონის სერვისცენტრში დასაქმებულებს ხელის დაბანა უწევთ, სანიტარული ნორმები დარღვეულია. საპნით და სხვა საჭირო ნივთებით საპირფარეშოს ხშირად თავად ამარაგებენ. დამლაგებლის ფულსაც კი ყოველთვიურად თავად აგროვებენ. სერვისცენტრის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ. ისინი შიშობენ, რომ ასეთ გარემოში დაინფიცირების რისკი იზრდება. არანაკლებ პრობლემურია ის ფაქტი რომ სოციალური მუშაკები ბინაზე სპეციალური აღჭურვილობის გარეშე მიდიან. 

მსგავსი პრობლემაა გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრშიც. ოფისში სადაც, დახმარების მისაღებად ყოველდღიურად ასობით ადამიანი იკრიბება არ არის წყალი, არ არის საპონი და ტუალეტის ქაღალდი. სერვისცენტრს დამლაგებელი არ ჰყავს და თანამშრომლები სამუშაო სივრცეს სველი წესით თავად ამუშავებენ.

სოციალური მუშაკების პროფკავშირებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის არაეფექტურობაზე საუბრობენ და პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ გამორიცხავენ, რომ ეს ადგილები ვირუსის აფეთქების კერებადაც იქცეს. 

სამინისტროში ამბობენ, რომ ამ დრომდე დეზინფექციის საჭიროება არ იყო. მათი მტკიცებით, პრევენციულ ღონისძიებები სერვისცენტრებში უახლოეს მომავალში დაიწყება. 

სოციალური მუშაკების პროფკავშირისთვის სერვისცენტრების მიმართ უყურადღებობა კიდე ერთი დასტურია, რომ სახელმწიფოსთვის სოციალური დაცვა პრიორიტეტი არაა.


close დახურვა