logo
ENG



ვირუსი კი არა, შიმშილი მოგვკლავს - მარნეულის მოსახლეობა პროდუქტით მომარაგებას ითხოვს

30 მარ 202020:46
3 წუთის საკითხავი
 

„ვირუსი კი არა, შიმშილი მოგვკლავს“ - ასეთი შეძახილებით საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს მარნეულში. შეკრებილი მოსახლეობა მერიას დახმარებას სთხოვს.

საკარანტინო ზონად გამოცხადებიდან ერთი კვირის თავზე სასურსათო დეფიციტმა მუნიციპალიტეტში ადგილობრივების მღელვარება გამოიწვია. მარნეულის მერიასთან გამართულ აქციაზე მოსახლეობა  მერიას დახმარებას და პროდუქტის მუიწოდებას სთხოვდა. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების გაცემა  დაიწყო, რამაც მოსახლეობის დარჩენილი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, რწმუნებულები დახმარებას უსამართლოდ არიგებენ.

მარნეულის მერის განმარტებით მერიას აქვს სიები და კონკრეტული საჭიროების მქონე ოჯახებს ეხმარება. მერი მოუწოდებს მოსახლეობას სახლებში დარჩნენ, რათა მარნეულშიც იტალიის მსგავსი სცენარი არ განმეორდეს.

მარნეულსა და ბოლნისში 23 მარტის შემდეგ სრული კარანტინია გამოცხადებული. მოსახლეობას გარეთ გამოსვლა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია. ორ რეგიონში კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მარნეულში 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა და გაირკვა, რომ 100-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.


close დახურვა