logo
ENG



ვის ეკუთვნის და როდისაა გაცემული უცნობი სატელეფონო ნომერი შაქარაშვილის საქმიდან

22 ივლ 202019:51
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმეში აღმოჩენილი სატელეფონი ნომერი, რომელზეც
წვეულების ღამეს დაპირისპირებულ მხარეებთან 113 ზარი ფიქსირდება, მაღალი ალბათობით, ძალოვან უწყებაზე გაცემული სპეციალური ნომერია.

ტრაგედიის ღამეს ნომერი რეკავდა როგორც ნახალოვკელებთან, ისე საბურთალოელებთან. ახლა კი მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

პოლიტმეტრმა“ გაარკვია, რომ უცნობი ნომრის მფლობელი გამოძიების მიერ დადგენილი არ არის, არ გამოკითხულა პირი, რომელიც ეკონტაქტებოდა ტრაგიკული წვეულების დაპირისპირებულ მხარეებს. 

ერთი ვერსიით, ნომერი ე.წ. ტექნიკური ნომერია - და ამონაწერში იმ შემთხვევაში ფიქსირდება, თუ ადრესატის ტელეფონი გამორთულია.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომელსაც „ფორმულას“ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო უყვება - საუბარია ეგრეთწოდებულ სპეცნომერზე, რომელიც სისტემაში აღრიცხული არაა. შესაბამისად, ამონაწერში არ ხდება იმის დაფიქსირება, ვისი ინიციატივით შედგა ზარი და ასევე უცნობი რჩება, ვის ეკუთვნის ნომერი.

„ფორმულამ“ გაარკვია, რომ, დიდი ალბათობით, ეს ნომერი 2013 წლის შემდეგ ძალოვან უწყებაზეა გაცემული.  ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ნომერი, რომლის მფლობელი 18 და 19 ივნისს  ორ დაპირისპირებულ მხარესთან აქტიურ კონტაქტს ამყარებდა, არ იციან ბრალდებულების ადვოკატებმაც.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობის მუხლიც.

დამოუკიდებელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ექსპერტიზაში არსებული ჩანაწერი ყველა კუნთზე გაშეშების შესახებ მიანიშნებს გარდაცვალების სავარაუდო დროზე. კერძოდ, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, გაშეშება სხეულზე ადასტურებს, რომ გარდაცვალებიდან 48 საათიც არაა გასული.

დასკვნაში ამ ჩანაწერს გამოეხმაურა ალექსანდრე გეჯაძე და განაცხადა, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო. თუმცა დასკვნის შემდგენმა სამხარაულის ბიურომ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი არ იყო შეცდომა.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. არცერთ მათგანს განზრახ მკვლელობის მუხლს გამოძიება არ ედავება.

 


close დახურვა