logo
ENG



ვოლსკი: არ მგონია, ბოკერია სახელმწიფოს, ფასეულობების ან მომავლის ხედვაში შემეჯიბრება

10 აგვ 202021:04
3 წუთის საკითხავი
 
c0plbr0s6a8lult.jpg

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერი გიგა ბოკერია მას სახელმწიფოს მომავლის ხედვაში ვერ შეეჯიბრება. ამით ქართული ოცნების ლიდერმა ბოკერიას კომენტარს უპასუხა, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და გია ვოლსკის კანდიდატურები იქნება ერთგვარი დაპირისპირება საბჭოთა და თავისუფალ საქართველოს შორის. 

"მართლაც, საბჭოთა პერიოდში ვარ დაბადებული, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. იმ სტრუქტურებში, სადაც ვმუშაობდი, ბევრი ადამიანი ორი ნიშნით გამოირჩეოდა ისევე, როგორც ახლა – სახელმწიფოსა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებით.

არ მგონია, გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწიფოს, მისი ფასეულობების ან თუნდაც, მომავლის ხედვაში შემეჯიბრება. სპეკულაცია იმის თაობაზე, ვინ რამდენი წლის არის, რომელი თაობის პლიადას ეკუთვნის, უადგილოა და გამოხატავს თუნდაც გიგა ბოკერიას დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ", - თქვა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ 10 აგვისტოს განაცხადა, რომ დიდუბე-ჩუღურეთში გია ვოლსკისა და ზურაბ ჯაფარიძის სახით ერთმანეთს "საბჭოთა საქართველო და თავისუფალი საქართველო" დაუპირისპირდება.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპული საქართველო ჯაფარიძეს მხარს უჭერს.

"ზურაბ ჯაფარიძემ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რომ კენჭი იყაროს თბილისში, დიდუბეში. პირადად მე და ევროპული საქართველო მას დავუჭერთ მხარს და დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა პარტიებთან კონსულტაციები ამ კვირის ბოლომდე დასრულდება, ასევე ზურაბ ჯაფარიძის საყოველთაო მხარდაჭერით. რაღაც თვალსაზრისით, სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკისა და ჯაფარიძის შორის, ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება", - განაცხადა ბოკერიამ.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ის არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.


close დახურვა