logo
ENG



ვოლსკი "პატრიოტებზე": ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია

01 სექ 202011:43
3 წუთის საკითხავი
clock 369

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსის ადვოკატად ვერ გამოდგება, მაგრამ "ფურცლის გამო მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია". ასე ის დოსიეს გამოძიებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, პატრიოტთა ალიანსს არჩევნებში კრემლი ეხმარება. დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციური პარტიები გამოძიების დაწყებასა და არჩევნებიდან პარტიის მოხსნას ითხოვენ. 

ვოლსკის თქმით, ამას სერიოზული მსჯელობა და მოკვლევა სჭირდება და ამის შემდეგ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. 

"საჭირო და მნიშვნელოვანია, ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური დასკვნა დაიდოს. არ ვიცი, ვისაც ეს ევალება, უნდა მოიკვლიონ. ეს არის აუდიტის სამსახური და უნდა შეისწავლოს, რამდენად არის დაფინანსებული ეს პატრიოტთა ალიანსი გარედან, მითუმეტეს ოკუპანტი ძალის მიერ. ეს არის გამორიცხული, არ შეიძლება, დაუშვებელია", - ამბობს ის.

მისივე თქმით, თუ დადასტურდა, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან არის დაფინანსებული, "ეს ამ პარტიის დასასრული იქნება".

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხადარკოვსკის ორგანიზაცია დოსიემ გამოძიების 2 ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებას და რუსულ კავშირებს ეხება. გამოძიებიდან ირკვევა, რომ პრურუსულ პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაახლოებული პირები ეხმარებიან, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

გამოძიების მეორე ნაწილში, რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, ლაპარაკია პარტიის ლიდერების აფხაზეთში ვიზიტზე, საარჩევნო კლიპებსა და არჩევნებამდე დაგეგმილ აქტივობებზე.

დოსიეს გამოძიების პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ

მეორე ნაწილი წაიკითხეთ აქ.


close დახურვა