logo
ENG



აფხაზეთში ვიზიტი და წინასაარჩევნო აქტივობები - "დოსიეს" ახალი მასალა "პატრიოტთა ალიანსზე"

31 აგვ 202022:50
3 წუთის საკითხავი
clock 3751
აფხაზეთში ვიზიტი და წინასაარჩევნო აქტივობები - "დოსიეს" ახალი მასალა "პატრიოტთა ალიანსზე"

ცენტრი "დოსიე" პარტია "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთთან კავშირების შესახებ ახალ მასალებს აქვეყნებს.

გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ამჯერად  საუბარია პარტიის ლიდერების აფხაზეთში ვიზიტზე, საარჩევნო კლიპებსა და არჩევნებამდე დაგეგმილ აქტივობებზე.

აფხაზეთში ვიზიტი

"დოსიე" აღწერს, რომ გამოძიების პირველი ნაწილის გამოქვეყნება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების აფხაზეთში ვიზიტს დაემთხვა, რასაც მათ მიმართ დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ამ უკმაყოფილების მოგერიებისთვის მომზადებაში მათ დახმარებას მოსკოვიდან ცდილობდნენ. დოკუმენტში მოცემულია თეზისები, რომელიც მათ მედიასთან კომენტარებში უნდა გამოეყენებინათ, ასევე წინასწარ მომზადებული პასუხები. მათ შორის ვკითხულობთ შემდეგ ფრაზებს:

"ვიზიტის მიზანი საქველმოქმედო იყო";

"მილიონ ადამიანზე მეტი გამოვკითხეთ და 70% სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა, სახალხო დიპლომატიით ნაციონალურ ინტერესებს ვემსახურებით";

"არსებობენ ისეთები, ვისაც სახალხო დიპლომატია არ მოსწონს. ისინი ხელში საბრძოლო იარაღს იღებენ, ჩვენ კი ღალატში გვადანაშაულებენ. ვინ და რატომ აკეთებს ამას? ის, ვისაც ომით ფულის შოვნა უნდა, ვისაც აწყობს, რომ ჩვენი შვილები დაიღუპონ";

"მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. პატრიოტთა ალიანსი უზრუნველყოფს, რომ სამუდამოდ გამოირიცხოს  ქვეყნისა და ხალხის დამღუპველ ომში ჩათრევა. ამისთვის გთავაზობთ სამხედრო ნეიტრალიტეტს, რაც კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს".

 

საარჩევნო სტრატეგია

დოკუმენტებში გაწერილ "სტრატეგიაში" ჩამოთვლილია წინასაარჩევნო აქტივობები, რითაც "პატრიოტთა ალიანსი" უნდა დაკავდეს. მაგალითად, წერია, რომ:

აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში  აჭარის მაცხოვრებლებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება უნდა მოახდინონ, ამის ორგანიზატორი შეიძლება იყოს რომელიმე ახალი ძალა, მაგალითად, აჭარის დაცვის ახლადშექმნილი არაფორმალური კომიტეტი და სხვა.

მაჟორიტარობის კანდიდატების აქცია - „წაიყვანე ბავშვები სკოლაში“, რაც ღარიბი ოჯახებისთვის სასკოლო ნივთების გადაცემას გულისხმობს.

 საკანონმდებლო ინიციატივა - ყველა ქართველს, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მათ შორის რუსეთში, უნდა შეეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, გაიხსნას საარჩევნო უბნები მათ შორის რუსეთში.

28 აგვისტოს, მარიამობას - ლიდერები მივიდნენ რომელიმე მონასტერში, რომელსაც დავით თარხან-მოურავი ხატს აჩუქებს - გადაეცით მონასტერს/ეკლესიას საჩუქარი რუსეთის ქართული ეკლესიისგან (შეიძლება არჩილ ჭყოიძის გავლით გადაცემა). საპასუხოდ ისინი გადმოსცემენ მოსკოვში არსებულ ქართულ ეკლესიას ანალოგიურ საჩუქარს გადმოსცემენ ... მიზანი არის იმის ჩვენება, რომ "პატრიოტთა ალიანსის" და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მსგავსია საკვანძო საკითხებში - რუსეთთან და რუსებთან, როგორც ერთმორწმუნე ძმებთან, ურთიერთობის აღდგენა.

დოკუმენტებიდან ისიც ირკვევა, როგორაა დაგეგმილი კამპანიის წარმოება სოციალურ ქსელებში:

5 სექტემბრამდე - მოძებნეთ ახალგაზრდა ბლოგერები, რომლებიც მზად არიან შეგხვდნენ, შეხვდნენ პარტაქტივს, შემდეგ კი განათავსონ ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ.

 27 სექტემბრამდე - პატრიოტული სიმღერის კონკურსი. ონლაინ ფლეშმობი   ვმღერით ერთად“.

 1-ელ ოქტომბრამდე - ფლეშმობის ჩაშვება სოციალურ ქსელებში - „მხარდაჭერის მარში“ - მედია სახეები, სპორტსმენები, ექიმები, მსახიობები და ა.შ. გამოხატავენ პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერას.


"პატრიოტთა ალიანსის" მიმოწერა ინსტრუქტორებთან

"დოსიე" ასევე აქვეყნებს დოკუმენტებს, სადაც, მათივე ცნობით, რუს ინსტრუქტორებთან პარტიის მიმოწერაა მოცემული. ამ დოკუმენტების მიხედვით, მოსკოვიდან "პატრიოტთა ალიანსთან" კამათი უწევთ მათი არასაკმარისი სისწრაფის გამო.

საარჩევნო კლიპებთან დაკავშირებით, "პატრიოტთა ალიანსის" პასუხში ვკითხულობთ, რომ ისინი შეაგროვებენ 80-მდე ადამიანს, და აგვისტოს ბოლომდე დაამზადებდნენ ვიდეორგოლებს, რომლებშიც ეს ადამიანები პარტიის მიმართ მხარდაჭერას ან მისი წევრების მიმართ სიმპატიას გამოხატავენ.

"მიიღებთ ფოტოებსა და ინფორმაციას მათ შესახებ. მათ შორის არიან, მაგალითად, პოეტი საღლიანი, პოეტი ოთარაშვილი, კომპოზიტორი სეფიაშვილი, კომპოზიტორი მჟავია, მომღერლები თამარაშვილი, გელაშვილი, მამალაძე, მსახიობი ჭიჭინაძე, მხატვრები ხერკილაძე და სირბილაძე, ბალერინა ნიორაძე, ფეხბურთელი ინალიშვილი, კარატისტი კაკაბაძე, კულტურის პალატის ხელმძღვანელი ოქიტაშვილი, მწერალთა კავშირიდან გონაშვილი, ყოფილი ომბუდსმენი დევდარიანი და სხვა", - წერენ თბილისიდან მოსკოვში "დოსიეს" ცნობით.

დოკუმენტებიდან ისიც ირკვევა, რომ "პარტრიოტთა ალიანსი" ყველა რჩევას ვერ ასრულებს. მაგალითად, როგორც ჩანს, მათ ომის წლისთავზე მიტინგის გამართვას სთხოვდნენ, პასუხად კი რუს ინსტრუქტორებს ეს მისწერეს:

"რაც შეეხება აგვისტოს ომს. ირმას და დავითის მონაწილეობით გადაცემები გავიდა 6,7,9 და 10 აგვისტოს. 8 აგვისტოს გავიდა მხოლოდ კლიპები. ამ გადაცემებს უკვე მოჰყვა რეაქცია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ამ დღეს მიტინგის მოწყობა -თბილისში არსებული სიტუაციის სრულიად ვერგაგებაა. ჩვენც კი არ გვაპატიებენ ამ თემაზე ამ დღეს მიტინგის მოწყობას,“ - წერენ თბილისიდან.

დოკუმენტების წარმომავლობა

"დოსიეს" ცნობით, გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან, ხელში ჩაუვარდათ სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური გათვლები, წინასაარჩევნო მეთოდოლოგიები და ოპერატიული ანგარიშები. ცენტრისვე ინფორმაციით, დაზვერვის გენერალი, КГБ-ს ყოფილი აგენტი ვლადიმირ ჩერნოვი, სერგეი ივანოვის უახლოესი გარემოცვიდანაა და ამჟამად ხელმძღვანელობს საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისო და კულტურული კავშირების პრეზიდენტის სამმართველოსსტრუქტურას, რომელიც ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა.

ცენტრის ინფორმაციით, ამ დოკუმენტებს შორისაა საქართველოში "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებული ფინანსური სქემები და წინა საარჩევნო ინსტრუქციებიც. "დოსიე" წერს, რომ პარტიის პიარისთვის კრემლთან დაახლოებული პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი დაიქირავეს, რომელი მოსკოვში კომპანია POLITSECRETS-ს ხელმძღვანელობს.

"დოსიემ" 24 აგვისტოს გამოაქვეყნა ვრცელი გამოძიება, სადაც საუბარია კრემლის მხრიდან "პატრიოტთა ალიანსის" პირდაპირ მხარდაჭერაზე - როგორც ფინანსურად, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვის კუთხით.

ვრცლად გამოძიების პირველ ნაწილზე წაიკითხეთ აქ.


 

 

 


close დახურვა