logo
ENG



ვოლსკი PES-ის განცხადებას ოცნების გარიცხვაზე "მჭახეს, შინაარსით არასწორს და უღირსს" უწოდებს

09 მაი 202314:57
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი PES-ის განცხადებას ოცნების გარიცხვაზე "მჭახეს, შინაარსით არასწორს და უღირსს" უწოდებს

ქართული ოცნების ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი PES-ის განცხადებას ოცნების პოლიტიკური გაერთიანებიდან გარიცხვასთან დაკავშირებით "მჭახეს, არასწორს და უღირსს" უწოდებს და ამ საკითხთან დაკავშირებით ღარიბაშვილის პოზიციას იზიარებს. 

"რაც შეეხება სოციალდემოკრატიული პრინციპებით სახელმწიფოების მართვას, ეს არის მთავარი თემა, რომელსაც უნდა აფასებდეს სოციალ-დემოკრატების ევროპული ოჯახი. არის თემები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ღირსებას, ჩვენს ისტორიულ წარსულს, ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას და ამ თემასთან დაკავშირებით თუკი კონსერვატიული მიდგომა აქვს თითოეულ ჩვენგანს და არა მარტო პოლიტიკოსს, საზოგადოების დიდ ნაწილს, ეს არ უნდა იყოს ის თემა, რომელიც საფუძველს აძლევს სოციალ-დემოკრატს, რომ გამოვიდეს და განცხადება გააკეთოს ესოდენ მჭახე და არასწორი თავის შინაარსით, უღირსი განცხადებაა. ამასთან დაკავშირებით ვეთანხმები პრემიერმინისტრს. [...]

იმ რეზოლუციას, რომელიც სრულიად უტიფარია და რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა ჩვენ მიმართ, ამას შეუერთდნენ სოციალ დემოკრატები ისე, რომ არცერთს არც მოუკითხავს რეალური სიტუაცია, რომელიც საქართველოშია, დამოკიდებულება არის უსამართლო ჩვენ მიმართ"- თქვა ვოლსკიმ.

8 მაისს, სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა კეტი პირიმ აღნიშნა, პოლიტიკურ გაერთიანებაში ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა და ოცნებას არავინ უჭერს მხარს. მისივე თქმით, გაერთიანებაში უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

4 მაისს, უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დაგმო ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) და აღნიშნა, რომ PES-ის მომავალ სხდომაზე ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავენ, რაც "აუცილებელი ნაბიჯია".

კეტი პირის ამ განცხადებას გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი და თქვა, რომ  დასკვნებს პარტიაშიც გააკეთებენ, "შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში".


close დახურვა