logo

ზაზა გახელაძის ოჯახი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

08 მაი 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock 124

ზაზა გახელაძის ოჯახი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. 

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ზაზა გახელაძის ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.

მთავრობის ცნობით, ღარიბაშვილმა გახელაძეებს უთხრა, რომ "ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან"

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ოჯახმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა.

მათვე დააანონსეს საპროტესტო აქციები, ვინაიდან საქმე წინ არ წაწეულა. 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ბოლო, რიგით 99-ე შეხვედრა 27 აპრილს უშედეგოდ დასრულდა. 

ზაზა გახელაძე, ისევე, როგორც გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი კვლავ უკანონოდ არიან დაპატიმრებულები. 

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო. ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.

close დახურვა