საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე უარი "საფრთხეების" გამო თქვეს და ამაზე ევროპელ და უკრაინელ კოლეგებსაც ესაუბრნენ.
მანვე აღნიშნა, რომ ყირიმთან დაკავშირებულ სანქციებს საქართველო შეუერთდა და ყოველწლიურად გრძელდება 2014 წლის შემდეგ.
მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საუბრისას ზალკალიანმა თქვა, "არავის ვაშინებ, გეუბნებით რეალობას" და ამასათან, ყვება, რომ რუსეთს "რამდენიმე წუთი დასჭირდება, რათა მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენოს".
"როდესაც 40 კმ-ში, აქვე დგანან, მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, რომელიც უკრაინაში განახორციელეს. თვეობით ჯარების და კონტიგენტის მოყვანა. აქვე არიან, მათი ოკუპაციის შედეგი ავტობანიდან ჩანს. რამდენიმე წუთი დასჭირდება, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ და როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რას აპირებენ? ან როგორ? ბორელი რომ გამოდის და ამბობს, შემდეგი შესაძლოა, საქართველო იყოს, ეს ხომ არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები? ეს ხომ ეფუძნება გარკვეულ საფრთხეებსა და მოლოდინებს, რომელიც ჩვენ და ევროპელ პარტნიორებს აქვს.
ეს პასუხისმგებლობა გვალაპარაკებს. არ მინდა იგივე ვიხილო საქართველოში, რაც 2008-ში ვიხილე. არ მინდა ვიხილო თბილისის მიმართულებით მომავალი რუსული ტანკები. არ მინდა დედაქალაქისა და აეროპორტების დაბომბვა. არ მინდა ის უმძიმესი მდგომარეობა, როდესაც ქართველებს სატვირთო თვითმფრინავით აძევებდნენ რუსეთიდან. [...]
უმძიმესი სიტუაციაა. მინდა, რომ მთლიანად საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად გააცნობიეროს, უმძიმესი სიტუაციაა - არავის ვაშინებ, გეუბნებით რეალობას და რეალობა რომ არ მეთქვა, ეს იქნებოდა ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა და არ ვიდგებოდი იქ, სადაც ვდგავარ", - უთხრა ზალკალიანმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე.