logo
ENG



ზარდიაშვილის კარიერული გზა მერაბიშვილი-ადეიშვილის მრჩევლობიდან, "ოცნების" დეპუტატობამდე

07 ოქტ 201920:24
3 წუთის საკითხავი
 
pg4cirdxzn63ucf.jpg

 

სანამ ვანო ზარდიაშვილი იუსტიციის მოქმედ მინისტრს პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატის სავარძლიდან მადლობას გადაუხდიდა, ის იუსტიციის ყოფილი მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. 2004 წლიდან 2 წლის განმავლობაში ზარდიაშვილი ზურაბ ადეიშვილის თანაშემწე იყო. „ქართულ ოცნებაში" გადასვლამდე, ზარდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში აპარატის უფროსიც იყო, სადაც თანამშრომლები ადანაშაულებდნენ, რომ ზარდიაშვილი მათ ენმ-ს აქციებზე სიარულს აიძულებდა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ზარდიაშვილმა აუდიტის სამსახურში გადაინაცვლა. 2013 წლიდან, ის ჯერ შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, შემდეგ კი გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მმართველ გუნდში ყოფნის დროს, ვანო ზარდიაშვილის მიმართ ბრალდებები და კრიტიკა ძირითადად სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. პოლიტიკური ოპონენტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მას სასამართლოს ე.წ. კლანის უშუალო გარემოცვად და ლობისტად ასახელებენ. ოცნების დეპუტატი ყველაზე გავლენიანი და ოდიოზური მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძის ახლო მეგობარი და ნათესავია. ისინი მეჯვარეები და ნათელმირონები არიან. ვანო ზარდიაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის უახლოესი მეგობარიც არის. იუსტიციის საბჭოში ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ზარდიაშვილის ცოლი. მმართველ გუნდში ვითარება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სადავო სიამ დაძაბა. სწორედ ამ განხეთქილების და დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა ვანო ზარდიაშვილი და დეპუტატის მანდატიც შესწირა.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

 


close დახურვა