logo
ENG



ზარქუა: ხელმოცარულებად დარჩებიან LGBT საზოგადოებას, NGO-ებს ამოფარებულები

12 ივნ 202313:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/12/rdmv31fmnczv5ew.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა აგრძელებს ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის რიტორიკას და ამბობს, რომ "ხელმოცარულებად დარჩებიან, ვინც ამოფარებულია LGBT საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს".

ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხებოდა. კობახიძემ სტუდენტებს, რომლებმაც მას ლექციის დასრულების შემდეგ რუსული რუბლის კუპიურები გადააყარეს, "ორიენტაციაარეული" უწოდა.

ზარქუამ თქვა, რომ "ეს არის უმსგავსო სტრატეგია, რაც რადიკალების პოზიციას ახმოვანებს".

"ეს არის უმსგავსო, ასე ვთქვათ სტრატეგია, რაც რადიკალებმა და სამწუხაროდ, შემდეგ თქვენც ახმოვანებთ ტელევიზია რადიკალების პოზიციას. ჩვენი ახალგაზრდები არიან ყველაზე კვალიფიციურები, განათლებულები და ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო, რომ კიდევ უფრო მეტად წარმატებულები იყვნენ. ხოლო ის ხელმოცარულები, ზოგი რომ ამოფარებულია LGBT საზოგადოებას, ზოგი არასამთავრობო ორგანიზაციებს და იქიდან უტევენ სახელმწიფოებრიობას, ყოველთვის დარჩებიან ხელმოცარულებად, განდეგილებად, ცალკე მდგომად და ჯანსაღი საზოგადოება ახალგაზრდებთან ერთად ვიქნებით იქ, სადაც ვართ", - თქვა ზარქუამ.

მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს რუსული რუბლის კუპიურები გადააყარეს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სტუდენტებს "ორიენტაციაარეული" უწოდა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ირაკლი კობახიძე სიტყვა "ორიენტაციაარეულს" უწოდებს მისთვის არასასურველ ახალგაზრდებს. ქართული ოცნება ხშირად ცდილობს, მათთვის არასასურველი ადამიანების თუ ჯგუფების მარგინალიზაციას ჰომოფობიური განწყობების წახალისებით.

ქართულმა ოცნებამ სიძულვილი კამპანია დაიწყო 7-8 მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ, რომელსაც კობახიძემ "ორიენტაციაარეული" რამდენჯერმე უწოდა.


close დახურვა