უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზად არის.
"უკრაინამ დაასრულა დრუჟბას ნავთობსადენის იმ მონაკვეთის შეკეთება, რომელიც რუსული დარტყმის შედეგად დაზიანდა. მილსადენს შეუძლია მუშაობის განახლება", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა X-ზე.
ის ასევე აცხადებს, რომ არ არსებობს გარანტიები, რომ რუსეთი კვლავ არ დაბომბავს ნავთობსადენს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი ახლა ელოდება, რომ ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი განბლოკილი იქნება. მან აღნიშნა, რომ უკრაინა, რომლის ომისდროინდელი ბიუჯეტი დიდწილად უცხოურ დაფინანსებაზეა დამოკიდებული, ელოდება, რომ თანხები შეთანხმების მიხედვით გაიცემა დრუჟბას შეკეთების შემდეგ.
"ნავთობსადენს მუშაობის გაგრძელება შეუძლია. იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ნავთობსადენის ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმები არ განმეორდება, ჩვენმა სპეციალისტებმა საბაზისო პირობები უზრუნველყვეს ნავთობსადენის სისტემისა და აღჭურვილობის მუშაობის განახლებისთვის.
ამას უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების პაკეტის განბლოკვასთან ვაკავშირებთ, რომელიც უკვე იქნა დამტკიცებული ევროპული საბჭოს მიერ. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პარტნიორები შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ უკრაინისთვის [მოლაპარაკებების] კლასტერებზეც - სამუშაოს ჩვენი ნაწილი უკვე შევასრულეთ პირველ კლასტერებზე. დამატებით, მნიშვნელოვანია ამ ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ სისტემური სასანქციო ზეწოლის გაგრძელება და ევროპისთვის ენერგორესურსების კიდევ უფრო დივერსიფიცირებაზე მუშაობა.
ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს მათგან, ვინც ევროპის განადგურებას ან დასუსტებას ცდილობს.", - წერს ის.
კრემლმაც სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი ტექნიკურად მზად არის მილსადენით ნავთობის მიწოდების განახლებისთვის.
