უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი გეგმავს უკრაინაში პოლიტიკური ცენტრებსა და სამხედრო სამეთაურო პუნქტს დაარტყას, მაგრამ უკრაინა ამისთვის მზადაა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს და თუ ლუკაშენკო ამას დათანხმდება, უკრაინა აუცილებლად დაიცავს საკუთარ თავსა და საკუთარ ხალხს.
"დღეს შევხვდი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის, თავდაცვის დაზვერვის, საგარეო დაზვერვის სამსახურისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს. განვიხილეთ სამი მთავარი საკითხი.
პირველი - განვსაზღვრავთ სამიზნეებს რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მომავალი შორსმოქმედი სანქციებისთვის, ამ ომის, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების დაბომბვის გამო. უკრაინა არ დაუშვებს, რომ აგრესორის თავდასხმა, რომელიც ჩვენს ხალხს სიცოცხლეს ართმევს, დაუსჯელი დარჩეს.
მეორე - ვაგრძელებთ რუსეთის მცდელობების დოკუმენტირებას, რომ ბელარუსი უფრო ღრმად ჩაითრიონ უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩვენ ვიცით, რომ რუსებსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის შედგა დამატებითი კომუნიკაცია, რათა დაეყოლიებინათ ის რუსეთის ახალი აგრესიული ოპერაციების მხარდაჭერისთვის. კერძოდ, რუსეთი განიხილავს ოპერაციების გეგმებს ბელარუსის ტერიტორიის სამხრეთითა და ჩრდილოეთით - ან უკრაინაში ჩერნიგოვი-კიევის მიმართულებით, ან პირდაპირ ბელარუსის ტერიტორიიდან ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგ. უკრაინას აქვს რუსეთისა და ბელარუსის საუბრის დეტალები. უკრაინა აუცილებლად დაიცავს საკუთარ თავსა და საკუთარ ხალხს, თუ ლუკაშენკო არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ რუსულ განზრახვასაც დაუჭერს მხარს. დავავალე უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს, გააძლიერონ შესაბამისი მიმართულება და წარმოადგინონ საპასუხო გეგმა, რომელიც შტაბის სხდომაზე განიხილება და დამტკიცდება.
მესამე - უკრაინის თავდაცვის დაზვერვის სპეციალისტებმა მოიპოვეს დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს ამზადებს, მათ შორის, როგორც თავად უწოდებენ, "გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე". მათ შორისაა თითქმის ორი ათეული პოლიტიკური ცენტრი და სამხედრო სამეთაურო პუნქტი.
რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია გავითვალისწინეთ. მაგრამ ღირს კონკრეტულად რუსეთის ხელისუფლებისთვის აღნიშვნა, რომ უკრაინა რუსეთი არ არის. აგრესორი სახელმწიფოსგან განსხვავებით, სადაც ნათლად არის ამ ომის ავტორი და მის გარშემო არსებული დიდი ხნის წრე, რომელიც რეალობისგან მის ჩამოშორებას უწყობს ხელს, უკრაინის თავდაცვის წყარო უკრაინელი ხალხის მზაობაა - იბრძოლონ თავისი დამოუკიდებლობისთვის და თავისი სუვერენული სახელმწიფოსთვის.
მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება. დიდება უკრაინას!" - წერს ზელენსკი.
