უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზამთარში რუსები კვლავ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის განადგურებას შეეცდებიან.
"ზამთარში რუსი ტერორისტები კვლავ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის განადგურებას შეეცდებიან. დღეს შტაბის ხანგრძლივი სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე ძირითადი საკითხი განვიხილეთ. პირველი, რა თქმა უნდა, ფრონტია. სიტუაცია ძირითად მიმართულებებზე, მეთაურების ანგარიშები, ჭურვებისა და საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა.
ამასთან, შტაბის მეორე კითხვა პირდაპირ კავშირშია უკრაინის თავდაცვასთან - ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობასთან. კერძოდ, საუბარია ზამთრისთვის მომზადებაზე, გენერაციის ობიეტების დაცვასა და ელექტროენერგიის მიწოდებაზე, ყველაფრის აღდგენაზე, რაც რუსეთის დარტყმებისა და საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის ინფორმაციით, რუსული ძალები მაღალი სიზუსტის მართვად რაკეტებს აგროვებენ, რათა ზამთარში უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები განახორციელონ.