logo
ENG



ზელენსკი: თუ რუსეთი ენერგეტიკულ ზავზე არ დათანხმდება, უკრაინა პასუხს გასცემს

12 ოქტ 202613:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/12/t0mzzrgg19naj64.png

რუსებმა ხარკოვში ელექტროსადგურზე მიზანმიმართული დარტყმა მიიტანეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე, რომელშიც ის ენერგეტიკულ ზავთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრობდა, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მხარს უჭერს ენერგეტიკული ზავის შემოღების იდეას. ამასთან, მან დასძინა, რომ მოსკოვმაც უნდა აჩვენოს, რომ თანახმაა ამგვარ ზავზე. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ენერგეტიკულ ზავს არ დათანხმდება, უკრაინა ოკუპანტებს პასუხს გასცემს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთსა და აშშ-ს შორის დიზელის საწვავთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე.

"რატომ არ აფორმებს აშშ უკრაინასთან შეთანხმებას დიზელის საწვავზე? მოდით, უკრაინას შევთავაზოთ ასეთი შეთანხმება. ჩვენ გავლენას ვახდენთ იმაზე, გადაადგილდებიან თუ არა ეს გემები. ჩვენ განვსაზღვრავთ, იმუშავებენ თუ არა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. მოდით, ეს გავაკეთოთ. ჩვენთვის ელექტროენერგია მნიშვნელოვანია. თუ მათ არ შეუძლიათ ჩვენი ენერგეტიკული ქსელის დაცვა, ჩვენ არ შევეხებით მათ დიზელის ინფრასტრუქტურას. ჩვენთვის ელექტროენერგია, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების დახმარებას ნიშნავს", - თქვა ზელენსკიმ.

გამოსვლისას პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის მონაცემთა ცენტრებზე განხორციელებულ დარტყმებზე და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ უკრაინულ სოციალურ ქსელებში ბოტების რაოდენობა შემცირდა.

"როდესაც ჩვენმა დარტყმებმა "იანდექსის" მონაცემთა დამუშავების ცენტრებს მიაღწია, სოციალურ ქსელებში ნაკლები სიძულვილი, ნაკლები დაპირისპირება და ნაკლები პროვოკაცია გაჩნდა. რადგან ბოტების რაოდენობა შემცირდა, სრულიად გასაგებია, საიდან იმართებოდნენ ისინი", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა, სავარაუდოდ, ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. მან მხარეებს ასევე მოუწოდა, ზავი არ დაარღვიონ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმები, თუ მოსკოვიც ანალოგიურად მოიქცევა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ რუსეთს მანამდეც არაერთი წინადადება შესთავაზა, თუმცა კრემლი მათ ყოველთვის უარყოფდა.


close დახურვა