logo
ENG



ზელენსკი: რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის განახლებას აპირებს

18 აპრ 202209:45
3 წუთის საკითხავი
 

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის განახლებას აპირებს

"რუსული ჯარები აღმოსავლეთში შეტევითი ოპერაციისთვის ემზადებიან და ის უახლოეს მომავალში დაიწყება. მათ დონბასის სრულად დანგრევა და დასრულება სურთ. უნდათ, დაანგრიონ ერთ დროს დიდებული ინდუსტრიული რეგიონი. მათ დაანგრიეს მარიუპოლი. სურთ, ასე მოიქცნენ დონეცკის და ლუგანსკის სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც". - განაცხადა მან კვირის ვიდეომიმართვაში. 

რუსეთმა მარიუპოლში მებრძოლ უკრაინელებს იარაღის დაყრა და დანებება მოსთხოვა. ულტიმატუმის ვადა კი 17 აპრილის 13:00 საათამდე მისცა. მარიუპოლის მცველებმა დანებებაზე უარი თქვეს. 

რუსეთი აცხადებს, რომ ამის გამო ქალაქს სრულად დახურავს. 

საპორტო ქალაქი მარიუპოლი 1-ლი მარტიდან რუსების ალყაშია. რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, 100 ათასამდე მოქალაქე კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ. 

მარიუპოლში რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იბრძვის. 36-ე ბრიგადა აზოვის ბატალიონს 13 აპრილს შეუერთდა. თუმცა, მათაც აქვთ საკვების და წყლის, ასევე, საბრძოლო მასალის პრობლემა. 

უკრაინა მათი დახმარებას ვერ ახერხებს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა თქვა, უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქამდე ვერ მივლენ, ვინაიდან მათ რუსული არმია როსტოვის ოლქიდან და ყირიმიდან დაბომბავს იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია, რომელიც რუსულმა ავიაციამ უნდა გადაიფრონოს, რუსეთის მიერ კონტროლდება.


close დახურვა