logo
ENG



ზელენსკი: რუსეთმა ყველაზე მძიმე დანაშაული ჩაიდინა ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ

15 ივნ 202611:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/15/xiaahxdfrm5jqd7.png

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური საჰაერო თავდასხმების შედეგად კიევსა და ხარკოვში კვლავ მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ზელენსკიმ დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ რუსების თავდასხმისას არაერთი მაშველი დაშავდა. 

ზელენსკის თქმით, რუსეთმა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა "დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გასცენ მკაფიო და მტკიცე პასუხი რუსეთის ქმედებებს.

"გასულ ღამეს რუსეთმა მხოლოდ უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით 60-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. მთლიანობაში უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს 70 რაკეტა და 611 დრონი.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ კიევში 28 ადამიანი დაშავდა, ხოლო ოთხი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

რუსეთის დარტყმის შედეგად კიევ-პეჩორის ლავრაში ხანძარი გაუჩნდა მიძინების ტაძარს - ეკლესიას, რომლის ისტორია XI საუკუნიდან იწყება. ეს დღემდე რუსეთის მიერ ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულად შეიძლება, მივიჩნიოთ ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა ტაძრის სახურავზე გაჩენილი ხანძარი უკვე ჩააქრო.

ხარკოვში რუსეთმა ზიანი მიაყენა მაშველებს, რომლებიც თავდასხმის ადგილზე გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ. ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ, სამწუხაროდ, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. ცხრა ადამიანი დაშავდა.

დნეპრში რუსეთმა იერიში მიიტანა რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, კოლეჯსა და რამდენიმე საწარმოზე. თავდასხმების სამიზნე სხვა ქალაქებიც გახდა. იერიშების ქვეშ მოექცა კიევის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, სუმისა და მიკოლაივის ოლქები. სწორედ ასე აჩვენებს რუსეთი მსოფლიოს, რომ ომის გაგრძელებას აპირებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნებმა, რომლებიც ამჟამად სამიტზე იკრიბებიან, მკაფიო, მტკიცე და შინაარსიანი პასუხი გასცენ: მეტი ზეწოლა აგრესორზე და მეტი მხარდაჭერა უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, განსაკუთრებით ანტიბალისტიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება ადამიანების სიცოცხლის დაცვაში", - წერს ზელენსკი.


close დახურვა