უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, რომელსაც მშვიდობა არ სურს.
"უკრაინას არასდროს უნდოდა ეს ომი. უკრაინამ არაფერი გააკეთა მისი პროვოცირებისთვის. საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელსაც მშვიდობა არ სურს, ტერორისტულ სახელმწიფოსთან," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის ცნობით, გვიან ღამით რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. პირველადი მონაცემებით, შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.
ქალაქ ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაიყვანეს 49 დაშავებული, მათ შორის 6 ბავშვია. დაშავებულთაგან 35-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კურტევის თქმით, თავდასხმის შედეგად დაინგრა 5 კერძო სახლი და დაზიანდა ათობით საცხოვრებელი კორპუსი და ქალაქის ინფრასტრუქტურა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.