უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინასთან ომში რუსეთის სტრატეგიული მარცხი ყველასთვის ნათელია, თუმცა რუსეთი სიმხდალის გამო ამას ჯერ არ აღიარებს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა დღევანდელ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"უკრაინასთან ომში რუსეთის სტრატეგიული მარცხი მსოფლიოში უკვე ყველასთვის ნათელია. მათთვისაც კი, ვინც მათთან კომუნიკაციას განაგრძობს. უბრალოდ რუსეთს ამის აღიარების სიმამაცე ჯერ არ აქვს. ისინი მშიშარები არიან. და ცდილობენ, სიმართლე რაკეტების, საჰაერო და საარტილერიო შეტევების უკან დამალონ",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა უკრაინელებს მიზნების მიღწევამდე ბრძოლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამ ომში უკრაინის მიზანი საკუთარი მიწის გათავისუფლება და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების დაცვაა.
დღევანდელ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტოსთან განიხილა უკრაინის ევროინტეგრაცია და ფინეთთან თავდაცვითი თანამშრომლობის საკითხი. მისი თქმით ასევე დღეს სლოვაკეთის პრეზიდენტთან ზუზანა ჩაპუტოვასთან ქვეყნებს შორის სხვადასხვა ტიპის ურთიერთობებზე - თავდაცვაში, ეკონომიკაში, მათ შორის ნავთობის იმპორტირების კუთხით თანამშრომლობაზე, რუსეთის სანქცირებასა და ევროკავშირთან უკრაინის კიდევ უფრო დაახლოებაზე ისაუბრა.