logo
ENG



ზელენსკი: უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, თუ აფეთქება იქნება, ევროპას ბოლო მოეღება

04 მარ 202206:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/04/6o220b5ypuk214m.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ატომურ ელექტროსადგურზე რუსების მიერ მიტანილ იერიშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას ატომური ელექტროსადგური არ დაუბომბავს, თუმცა რუსეთმა ეს გააკეთა. 

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ამ ელექტროსადგურზე 6 ბლოკია და აფეთქების შემთხვევაში ევროპა ატომური კატასტროფის წინაშე დადგება. მას მაგალითად ჩერნობილის სადგურის აფეთქება მოჰყავს. ზელენსკის თქმით, ის მომხდარზე უკვე ესაუბრა მსოფლიო ლიდერებს და ინფორმაცია მიაწოდა. 

"ამ წუთებში იწვის ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური. რუსული ტანკები ესვრიან ატომურ ბლოკებს. ტანკები აღჭურვილია სპეციალური ტექნიკით. მათ იციან სად ისვრიან. ისინი ამისთვის ემზადებოდნენ. მივმართავ ყველა უკრაინელს, ყველა ევროპელს, ყველა ადამიანს, ვინც იცის სიტყვა - ჩერნობილი, ვინც იცის რამდენი მსხვერპლი მოჰყვა ატომური სადგურის აფეთქებას. იყო გლობალური კატასტროფა. შედეგს ასი ათასობით ადამიანი ებრძოდა. ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსეთს უნდა ეს ყველაფერი გაიმეოროს და უკვე იმეორებს, თუმცა ახლა ზიანი ათჯერ უარესი იქნება. ევროპელებო, გადაეცით თქვენს პოლიტიკოსებს, რუსული ძალები აფეთქებენ ატომურ ელექტროსადგურს უკრაინაში.

ამ სადგურზე 6 ენერგობლოკია. ჩერნობილში აფეთქდა ერთი ენერგობლოკი. ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორებს, უკვე ვესაუბრე შარლ მიშელს, შოლცს, ვესაუბრე დუდას, პრეზიდენტ ბაიდენს, დავუკავშირდით დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ჯონსონს.

პირველად ისტორიაში! არც ერთ ქვეყანას მსოფლიოში არ დაუბომბავს ატომური ენერგობლოკი. ქვეყანა ტერორისტი - ატომურ ტერორამდე მივიდა. რუსი პროპაგანდისტები იმუქრებიან, სამყაროს "ატომური ფერფლით" ავსებაზე. ახლა ეს მხოლოდ მუქარა არაა, ეს რეალობაა. ჩვენ არ ვიცით რით დასრულდება ხანძარი ელექტროსადგურზე.

ჩვენი ბიჭები იცავენ სადგურს, რომ არ იყოს პროვოკაციები, რომ ვერავინ დაამონტაჟოს ასაფეთქებელი მოწყობილობები, არავინ შეაღწიოს ტერიტორიაზე და შემდეგ არ დააშანტაჟონ მთელი მსოფლიო ატომური კატასტროფით.

ჩაჰყვირეთ თქვენს პოლიტიკოსებს: უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, თუ იქნება აფეთქება - ყველას ბოლო მოეღება. ბოლო მოეღება ევროპას, ევროპას ევაკუაცია დასჭირდება. მხოლოდ ევროპის ქმედით ნაბიჯებს შეუძლია რუსული ჯარი შეაჩერონ. მხოლოდ მათ შეუძლიათ არ დაუშვან ევროპის განადგურება. განადგურებისგან, რომელსაც ატომურ სადგურზე აფეთქება გამოიწვევს", - აღნიშნა ზელენსკიმ. 

***

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. სადგურს ცეცხლი უკიდია.

 


close დახურვა