უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დიდ პაკეტს ამზადებს. მისი თქმით, სანქციების პაკეტს უახლოეს მომავალში მიიღებენ.
ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, როგორ ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო სანქციების გვერდის ავლას, ჩვენ ვაფიქსირებთ ყველა ასეთ მიმართულებას და ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად მის დასაბლოკად. ვამზადებთ სანქციების დიდ პაკეტს. გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული", - განაცხადა ზელენსკიმ.
26 აპრილს რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ, წარადგინა რუსეთისა და ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესების ინიციატივა.
ჯგუფი საერთაშორისო ლიდერებს სთავაზობს, რუსეთის ნავთობზე ფასის ჭერი 25%-ით შემცირდეს, ასევე გაიზარდოს სანქციები რუსეთის ნავთობის, გაზის კომპანიებისა და ბანკებისთვის, ევროპაში რუსულ ლითონებისა და ბრილიანტების იმპორტზე დაწესდეს ემბარგო და მნიშვნელოვნად გაფართოვდეს სანქცირებულ პირთა სია.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მომუშავე ერმაკ-მაკფოლის საერთაშორისო ჯგუფი ამავე დოკუმენტით საერთაშორისო ინსტიტუციებს მოუწოდებს, შეწყვიტონ იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც რუსეთიდან საქონლის იმპორტს გულისხმობს.