შვედეთში ოფიციალური სამუშაო ვიზიტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა. საერთაშორისო მედიების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მას შეხვედრები ექნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხთან დაკავშირებით.
ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ზელენსკი ეინდჰოვენის სამხედრო საჰაერო ბაზაზე პრემიერმინისტრს, მარკ რიუტეს შეხვდება.
18 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკამ დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ.
გუშინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაიწყო.
მისივე თქმით, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ჩატანა უკრაინაში მას შემდეგ დაიწყება, რაც მფრინავები წვრთნებს დაასრულებენ.
გარდა ამისა, ტექნიკური პერსონალი, ინჟინრები და მფრინავები ინგლისურ ენასაც სწავლობენ.