პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ზილფიმიანი ნიკა გვარამიას გათავისუფლებას რეკომენდაციას უწევს.
პლენარულ სხდომაზე მან განცხადება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გააკეთა:
"პრეზიდენტს ხომ უკეთესად აქვს პულსზე ხელი დადებული და ხედავს, რისი გაკეთებაა საჭირო და რისი - არა. აი, მაგალითად იგივე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. მე ერთი დეპუტატი დავით ზილფიმიანი რეკომენდაციას ვუწევ გათავისუფლებას. რატომ? იმიტომ, რომ არ სჭირდება ამას შესვლა ავ-კარგობაზე ჩვენი სასამართლო სისტემის, ეს არ მოიგულისხმება კანონით, უბრალოდ შეგიძლია, შეიწყალო და მორჩა. დამატებით გვინდა რაღაც გამართლება ამის? დიახ, ბევრ ოპოზიციონერზე უფრო გონიერი და უფრო ინტელექტია, თუ ეს უბრალოდ დამატებისთვისაა საჭირო. რატომ მიგვყავს აქამდე საქმე, თუკი გრძნობ, რომ შველა შეიძლება?" - თქვა ზილფიმიანმა.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.
