logo
ENG



ზუგდიდის ყინულის მოედნის ორჯერ მშენებლობასა და დემონტაჟზე მთავრობამ 8 მლნ დახარჯა

06 აგვ 202012:02
3 წუთის საკითხავი
 
4p7qgmota0r7quv.png

"ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენებლობის პროცესი, რომელიც 2007 წელს დაიწყო, დღემდე არ დასრულებულა. ამ პერიოდში მოედანი ორჯერ აშენდა და ორჯერ მოხდა მისი დემონტაჟი, მიმდინარე წელს კი მოედანი მესამედ უნდა აშენდეს. გაწეულმა ხარჯებმა ჯამში 8,194,145 ლარი შეადგინა", - ვკითხულობთ "საერთაშორისო გამჭვირვალობას" განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, პირველად ყინულის მცირე ზომის მოედანი 2007 წელს აშენდა, რაზეც 1,4 მლნ ლარი დაიხარჯა 2011 წელს კი მოედანი დაშალეს და საჩუქრად ქუთაისის მუნიციპალიტეტს გადასცეს. 

TI-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი ოლიმპიური სტანდარტების ყინულის მოედნის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო, მის მშენებლობაზე კი დღემდე 6 579 445 ლარი დაიხარჯა. 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოედნის მშენებლობა 2015 წელს დასრულდა, იგი სხვადასხვა ხარვეზისა და დაზიანების გამო 2019 წლის თებერვლამდე ვერ გაიხსნა, ამ პერიოდში კი მოედანს რეაბილიტაცია ორჯერ - 2016 და 2018 წლებში ჩაუტარდა.

2020 წლის ივლისში ყინულის მოედნის ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა, რის გამოც მისი დემონტაჟი გახდა საჭირო. მოედნის დემონტაჟზე მთავრობამ 214 700 ლარი დახარჯა. 

TI-ის ცნობით, მუნიციპალიტეტს ამჯერად ყინულის მოედნის ხელახალი მშენებლობა ყოფილი "კომკავშირის პარკის" ტერიტორიაზე აქვს გადაწყვეტილი, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რა დაუჯდება სახელმწიფოს მოედნის ხელახალი მშენებლობა. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით, მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდის ყინულის მოედნის მშენებლობის პროცესი შეისწავლონ შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა და დაადგინონ, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის დანაშაულს", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას ამჯერად მაინც უზრუნველყოს ხარისხიანი მშენებლობის პროცესი, რათა გამოირიცხოს ფინანსური რესურსების არაეფექტური ხარჯვა. 


close დახურვა