logo
ENG



ზუგდიდში გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

28 იან 202416:43
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში, პროკურატურის შენობასთან, კეკელიძის ქუჩაზე აქციისას დაკავებული გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე დაკავებულების მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილები.

მათი თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, ვინაიდან სხვადასხვა სისხლის სამართლებრივი ბრალდებით დაკავებულ ადამიანებს სასამართლო გირაოს სანაცვლოდ მხოლოდ იმიტომ ათავისუფლებს, რომ ისინი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები არიან.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, აქციები გაგრძელდება და არ შეწყდება მანამ, სანამ ხასაია და ჩიქობავა პატიმრობიდან არ გათავისუფლდებიან.

***

23 იანვარს, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა. ადგილზე დაპირისპირება და ხმაური იყო. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

პოლიციამ ჯერ სადარბაზოს კარი, შემდეგ კი ბინის კარი გაჭრა. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა. რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა. პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. გარდა ამისა, დაპირისპირების დროს დააკავეს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

გამოსახლების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯამში, 20 ადამიანი დააკავეს. ჩიქობავას და ხასაიას სისხლის სამართლის კოდექსით ედავებიან, 18 ადამიანი კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.


close დახურვა