logo
ENG



ზურაბიშვილი: ბაქრაძე 5 წელი იყო აშშ-ში ელჩი, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის

21 ივლ 202223:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/22/mipykzsup3rpjt6.jpg

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ერთადერთი ელჩი, რომლის დანიშვნასაც ხელი არ მოაწერა დავით ბაქრაძეა, რომელიც აშშ-ში იყო საქართველოს ელჩი და წელს გაეროში ელჩად წარადგინეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

პრეზიდენტი აკრიტიკებს ბაქრაძის მუშაობას და მის გაეროში დანიშვნას ეწინააღმდეგება.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გახდა, 37 ელჩი იქნა წარდგენილი და აქედან 36-ის დანიშვნას ხელი მოაწერა. იგი აცხადებს, რომ ბაქრაძის წარდგენაზე განცხადება 15 ივლისს მიიღო.

"ერთი ნაწილია კონსულტაციები, სადაც საგარეო მწერს, კონფიდენციალური ნაწილი, რომ ვაპირებთ, ან დგება შეხვედრა და მერე ამ შეხვედრის ოქმში, რაზე შევთანხმდით, რა არგუმენტები, როგორ. მერე მხოლოდ, როცა შეთანხმებაა, მოდის ოფიციალური წარდგენა. ასე ვმუშაობდით მთელი ეს პერიოდი და საკმაოდ ნორმალურად მიდიოდა ეს პროცესი. გაიჭედა ბაქრაძეზე. რატომ, პირდაპირ გეტყვით – ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც აღიარებთ, რომ დიპლომატიაში მაქვს რაღაც გამოცდილება და შემიძლია, შევაფასო, ადამიანს, რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არა ვიზიტი მაღალი დონის ორგანიზებული, არა იქით, არა აქეთ.

მე ვერ შევძელი და ელჩს ვთხოვე, ვიდრე ბოლოს არ მითხრა, რომ მე ეს არ შემიძლიაო. ვერ შევძელი, რომ მიმელოცა ბაიდენისთვის არჩევნები და ვერც კამალა ჰარისისთვის, ქალი ვიცე-პრეზიდენტისთვის. ორივე თხოვნა მქონდა საელჩოსთან და ვერაფრით მოხერხდა. ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, რომელსაც არ დაუწერია არც ერთი სტატია, რომელსაც არც ერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, ეს არგუმენტები წარვუდგინე, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში, რომელიც არის ჩვენთვის მეორე ასეთივე მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენთვის მთავარი - ვაშინგტონი, ნიუ იორკი და ბრიუსელი ხომ? თუმცა, წავიდეს სხვაგან და მე შევთავაზე, რომ კანადაში წასულიყო. ეს არ მიიღეს, არა, უთუოდ უნდა წავიდეს გაეროში. ვთქვი, რომ ამას არ ვეთანხმებოდი და ამ საუბრებისას მოვითხოვე მათგან არგუმენტები, რატომ ეს ადამიანი? რა გააკეთა ისეთი, რასაც თქვენ აფასებთ და მე არ ვიცი? და შეიძლება დაგეთანხმოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


close დახურვა