პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი, კრიზისის გადაჭრაზე, სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძველად რჩება. 30 მარტს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის გამართული მედიაციის უშედეგოდ დასრულებას პრეზიდენტი ტვიტერზე ეხმაურება:
"ევროკავშირის მედიაციით გამართულმა მოლაპარაკებებმა ჯერ ვერ მიაღწია მოსალოდნელ შედეგს. კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
დანიელსონის მედიაციის მიუხედავად, მისი მეორე ვიზიტის დასასრულს გამართულ შეხვედრაზე პარტიები კვლავ ვერ შეთანხმდნენ.
7-საათიანი უწყვეტი მოლაპარაკებების ბოლოს კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ მხარეებმა გადაწყვეტილება არ მიიღეს და დოკუმენტზე შეთანხმება არ შედგა. მისივე თქმით, იყო ელემენტები, რომელზეც მიაღწიეს თანხმობას - ეს ეხება საარჩევნო, მართლმსაჯულებისა და ძალაუფლების გადანაწილების რეფორმა, რაზეც მუშაობა გაგრძელდება.
ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკური პარტიები და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი მხარეებს შორის შეთანხმება იქნებოდა.