ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის მედიაციით გამართული მორიგი, 7-საათიანი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონის განცხადებით, არცერთმა პარტიამ არ მიიღო გადაწყვეტილება და არ მოაწერა ხელი მის მიერ წარდგენილ დოკუმენტს.
"დავასრულე მეორე მედიაცია საქართველოში. მე ვიქნები ძალიან მკაფიო.
არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს. ესაა გადაწყვეტილება, რაც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით, პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე და ასევე, გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა ამ გაგრძელებულ დებატებს, საკვანძო პოლიტიზირებას სასამართლო საქმეებზე და ადრეულ არჩევნებზე. ესაა ის გადაწყვეტილება, რაც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობასა და პასუხისმგებლობას.
წარმოვადგინე წინადადება ასეთი გადაწყვეტილების შესახებ და ეს ახლა იქნება საჯარო დოკუმენტი.
ეს არის ის გადაწყვეტილება რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა. სამწუხაროა, რომ უნდა ვთქვა, არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო", - განაცხადა დანიელსონმა ბრიფინგზე.
მისივე თქმით, იყო ელემენტები, რომელზეც მიაღწიეს თანხმობას, ეს ეხება საარჩევნო, მართლმსაჯულებისა და ძალაუფლების გადანაწილების რეფორმა.
"ეს პოზიტიურია და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, - თქვა მან.
დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.
ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა.
ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს.