logo
ENG



ზურაბიშვილი: ერთიანობა საზოგადოების დაკვეთაა, რომელიც პოლიტიკოსებმა ჯერ ვერ გაითავისეს

30 მაი 202212:16
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს თავის ადგილზე დასაყენებლად ერთიანობაა აუცილებელი, რაც არის საზოგადოების დაკვეთა, რომელიც, მისივე თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ ვერ გაითავისეს.

ზურაბიშვილის თქმით, პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს ისე დაცულად ვერ გრძნობს, კიდევ უფრო დიდი მოთხოვნაა, რომ იყოს გაერთიანებული და შეთავაზებული ჰქონდეს ერთიანი ხედვა.

"იმისთვის, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს, ერთიანობაა აუცილებელი. ეს არის საზოგადოების დაკვეთა. შეიძლება ჯერ კიდევ, პოლიტიკურმა ძალებმა ვერ გაითავისეს ის, რომ ასეთი დაკვეთა არსებობს, რამეთუ საზოგადოებას შეიძლება არ აქვს საშუალებები, რომ თავისი დაკვეთა პოლიტიკურ პარტიებამდე მიიტანოს და გააგებინოს თავისი ხმა.

ვიტყოდი, რომ ეს დაკვეთა კიდევ უფრო გაძლიერდა ამ პერიოდში, რადგან როგორც კი ხედავ რომ მსოფლიო შენს ირგვლივ იცვლება, ჩნდება ახალი გამოწვევები, შესაძლებლობები, ახალი არქიტექტურა იქმნება, თუმცა მე მგონი არავინ იცის, რა იქნება და როგორ იქნება, ამ შემთხვევაში, მითუმეტეს პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს ისე დაცულად ვერ გრძნობს, კიდევ უფრო დიდი მოთხოვნაა, რომ იყოს გაერთიანებული და მას ვთავაზობდეთ ერთიან ხედვას.

ეს არის დღევანდელი შეკრების დანიშნულება, რომ სხვადასხვა აზრების შეჯერებით, ცოტა უფრო კარგად დავინახოთ, რა შეგვიძლია და როგორ შეგვიძლია რომ ჩვენი ადგილი მოვიპოვოთ ამ ახალ მსოფლიოში.

ფაქტია, რომ როგორც ეს ხდება ყველაზე დიდი კრიზისების, ტრაგედიების და ომების შემდგომ, ამ ყველაფერს მოჰყვება გადაფასება და ახალი უსაფრთხოების ფორმების ძიება, რომელიც არ დაუშვებს ამ ტრაგედიების განმეორებას - ასე შეიქმნა თავის დროზე გაერო, ევროკავშირი, NATO და დღესაც ამის მოლოდინში ვართ, რომ განახლდეს ეს ორგანიზაციები", - თქვა ზურაბიშვილმა. 


close დახურვა