logo
ENG



ზურაბიშვილი: ზელენსკი პარლამენტში უნდა მოეწვიათ, 26-ში უკრაინა-მოლდოვას დროშები გამოეფინათ

02 ივნ 202222:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/02/xmnej96ms7te41v.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტს ვოლოდიმირ ზელენსკისთვის სიტყვით გამოსვლის საშუალება უნდა მიეცა. პარლამენტში ზელენსკის გამოსვლაზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ქართულმა ოცნებამ უარი თქვა.

"უკრაინის მიმართ მორალური სოლიდარობა გვევალება. ევროპაში ძალიან ცოტა ქვეყანაა დარჩენილი და ჩვენ ვართ ერთ-ერთი, სადაც პარლამენტში არ მიეცა საშუალება ზელენსკის, რომ გამოსულიყო სიტყვით. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას, გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობისა?" - თქვა ზურაბიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

კითხვას, არის თუ არა ხელისუფლების მისამართით მისი მესიჯი, როცა უკრაინის მიმართ ტოტალური სოლიდარობის გამოვლინებაზე საუბრობს, ზურაბიშვილი პასუხობს: "თქვენ გინდათ, რომ ისრები ვისროლო იქით-აქეთ. ვინც მიიღებს ისარს თავის მიმართ, იმან მიიღოს. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში".

მისივე თქმით, რადგან წლევანდელი 26 მაისის თემატიკა ევროკავშირი იყო, პარლამენტის ფასადზე საქართველო-ევროკავშირის დროშებთან ერთად უკრაინისა და მოლდოვას დროშები უნდა ყოფილიყო.

"ასევე, მე მგონია, ეს ჩემი შეხედულებაა, რომ 26 მაისს, რომელიც იყო ევროინტეგრაციის ეგიდის ქვეშ, პარლამენტის ფასადზე, სადაც იყო ევროპული და ქართული დროშები, შეიძლებოდა ყოფილიყო უკრაინისა და მოლდოვის დროშები. თუ ეს ტრიო ერთად მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით და თუ უკრაინა არის მთავარი... დღევანდელი მიზეზი, თუ რატომ არის აჩქარებული ეს პროცესი... ალბათ ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ვიცოდეთ, როგორ ვიყოთ მადლიერი ზოგჯერ", - თქვა მან.

კითხვას, თუ შესთავაზა მმართველ გუნდს, რომ პარლამენტის ფასადზე უკრაინისა და მოლდოვას დროშები გამოეფინათ, ზურაბიშვილი არ პასუხობს.


close დახურვა