საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, საგანგაშოა, რომ პრაიდ ფესტის წინააღმდეგ ძალადობრივი კონტრაქცია მმართველი გუნდის წევრების მხრიდანაა წაქეზებული და ღიად მხარდაჭერილი.
ზურაბიშვილმა გააკრიტიკა მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ოცნების სხვა წევრები, ვინც მათი თქმით, გვარწმუნებენ რომ უფლებადამცველები არიან და მათ "სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს ფასი არ აქვს".
"აქ კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ეს კონტრაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით, არამხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც, როგორც დღეს ვნახეთ. ამდენად რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც ახლა მოვისმინეთ, იმ თანამდებობის პირების მიერ რომლებსაც ევალებათ პირველ რიგში ადამიანის უფლებების დაცვა, პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარეს და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომლებიც გვარწმუნებენ რომ არიან უფლებების დამცველები. ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა მეორეს აკეთებს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის თქმით, კონტრაქციების წაქეზებითა და სიძულვილის ენის არ დაგმობით ქართული ოცნება ძალადობას ახალისებს და ყველანაირ შედეგზეა პასუხისმგებელი.
"რეალურად ამ კონტრაქციების წაქეზებით და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არ დაგმობით მმართველი პარტია პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობას და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე." - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა შსს-ს მოუწოდა "რომ აღკვეთოს და აღკვეთოს რეალურად ყველანაირი ძალადობრივი ქმედება", რადგან მისი თქმით, ეს არის ამ უწყების "მოვალეობა და ამას ჰქვია სამართლის დაცვა".
მმართველ გუნდს კი პრეზიდენტმა მოუწოდა, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება. მისი თქმით, ეს მარტივად ხდება "გაკონტროლებული მესიჯბოქსებით".