logo
ENG



ზურაბიშვილი: სახელმწიფომ უნდა აგრძნობინოს საპატრიარქოს, რომ კარანტინი არის ყველასთვის

02 აპრ 202015:00
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პოზიციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეხმაურებიან. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, საზოგადოების ნაწილი დღეს უთანასწორო მდგომარეობაშია.

„განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა ხელისუფლების დამოკიდებულება და პოზიცია, როდესაც ისინი ერთი მხრივ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მოტივით იღებენ უკიდურესად შემზღუდველ ზომებს, რომლებიც ამ ეტაპისთვის, როგორც ჩანს სწორია. ამის პარალელურად, ისინი არ აკეთებენ არანაირი განმარტებას და აკრძალვას ეკლესიებში ადამიანების ახლო კონტაქტთან დაკავშირებით, რომლითაც ასევე შეიძლება მოხდეს ვირუსის გადადება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

მოძრაობა „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ ვითარებაში გამონაკლისების დაშვება საფრთხის შემცველია.

„ზოგადად როდესაც რეგულაციებისგან კეთდება გამონაკლისები, ეს საფრთხის შემცველია, იმიტომ რომ შეიძლება ხვალ თუნდაც სხვა რელიგიურმა ჯგუფმა განაცხადოს, რომ მასაც სჭირდება თავისი რიტუალის განხორციელება და ჩვენ დავინახოთ, რომ რეგულაცია, რომელსაც კანონმორჩილი ადამიანები ვექვემდებარებით, გახდება არა საშუალება, რომლითაც საზოგადოებამ თავი უნდა დაიცვას პანდემიისგან, არამედ ტვირთი, რომელსაც ატარებს საზოგადოების ერთი ნაწილი და არ ემორჩილება მეორე ნაწილი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საკითხთან დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზურაბიშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფომ საპატრიარქოს მკაფიოდ უნდა მიანიშნოს, რომ კარანტინი ყველას ეხება.

მართლამადიდებლური ეკლესია არის პრაქტიკულად ერთადერთი, რომელიც ძალიან ჯიუტად არ ექვემდებარება კარანტინის, საგანგებო მდგომარეობის წესებს, რომელიც ყველას გვეხება. გამიგია შერჩევითი მართლმსაჯულება და შერჩევითი სამართალი, მაგრამ შერჩევითი კარანტინი პირველად გავიგე. სახელმწიფომ მკაფიოდ და ცალსახად უნდა აგრძნობინოს საპატრიარქოსაც, რომ კარანტინი არის ყველასთვის“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ,  პატრიარქმა განცხადება გაავრცელა და მრევლს მიმართა. მიმართვაში ნათქვამია, რომ ეკლესიის კარი ღია იქნება ყველასთვის, ვინც იქ მისვლას მოისურვებს. ამავდროულად ილია მეორე  მრევლს მოუწოდებს, რომ რამდენიმე მითითება დაიცვას.  


close დახურვა