ქვეყანაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე, საარჩევნო სისტემაზე საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს. ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს თუ რომელი საარჩევნო სისტემის მომხრეა, რადგან თვლის, რომ საკუთარი აზრი საზოგადოებას და პარტიებს თავს არ უნდა მოახვიოს.
„მე როგორც პრეზიდენტს არ მაქვს უფლება ჩემი პირადი აზრი მოვახვიო თავს საზოგადოებას ან პოლიტიკურ პარტიებს. მე არ ვარ პოლიტიკური პარტიის წერვი, ამ საკითხზე პოლიტიკურ პარტიებს უნდა დავუთმო თავიანთი აზრი. მაგრამ ვთვლი, ამ და სხვა საკითხზე მოიძებნოს პრობლემიდან გამოსავალი, ეს არის საჭირო ქვეყნის სტაბილურობისთვის და მშვიდობიანი განვითარებისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარტიებს პოლიტიკურ პროცესებში დიასპორის ჩართვისკენ მოუწოდებს. როგორც მან აღნიშნა, დიასპორა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალაა, ამიტომ აუცილებელია მათი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა.
„დიასპორის პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თუ სწორად მივუდგებით და გავუჩენთ ამ ხალხს იმ პირობებს, ან დაბრუნდნენ ან ჩაერთონ თავიანთი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთ-ერთი არის მათი პოლიტიკური ჩართულობა. იქნება პროპორციული თუ მაჟორიტარული, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, აუცილებელია დიასპორა წარმოდგენილი იყოს თავისი ქვეყნის პარლამენტში. ყველა პარტიას შეუძლია და მათ მივმართავ, თავის სიაში შეიყვანოს ერთი წარმომადგენელი მაინც. თუ მაჟორიტარული სისტემა იქნება, შევქმნათ ერთი ან ორი ადგილი დიასპორისთვის“, - აცხადებს პრეზიდენტი.
განცხადება პრეზიდენტმა დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელიც სასტუმრო ბილტმორში მიმდინარეობდა. ღონისძიების პარალელურად, ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთწლიანი პერიოდი აქციით გააპროტესტეს მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა.