საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოძრაობა სირცხვილიას მიმართავს, გადადოს 20 ივნისის დანიშნული პროევროპული აქცია, რომელიც მისი თქმით, "ბევრ საფრთხეს უკავშირდება".
ამასთან, ზურაბიშვილი ამბობს, რომ თუ აქცია ჩატარდება, "ყოველივე ექსცესზე პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება".
"მივმართავ 20 ივნისის ორგანიზატორებს, რომ თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის და გახლეჩის. ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ თუ მაინც ჩატარდა და ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრირების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა, თუ ამას შევიგნებთ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - ამბობს ზურაბიშვილი.
"შინ ევროპისკენ!" - ამ სახელწოდებით, მოძრაობა სირცხვილიას ორგანიზებით, 20 ივნისს, 20:00 საათზე თბილისში მარში გაიმართება.
მათი ცნობით, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. 21:00 საათზე კი აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.