საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქებები დაგმეს.
"მე მკაცრად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმას ქაბულის აეროპორტზე. ვლოცულობ დაღუპულ ავღანელ მოქალაქეებსა და ამერიკელ ჯარისკაცებზე. ევაკუაცია მშვიდობიანად უნდა განხორციელდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს წილ მხარდაჭერას ევაკუაციის პროცესში და გამოვხატავთ სოლიდარობას ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში". - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე.
დავით ზალკალიანის განცხადებით:
"სრულად ვგმობ ტერაქტს ქაბულის აეროპორტზე. გულწრფელ თანადგომას ვუცხადებ მსხვერპლთა, მათ შორის, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ ვიბრძვით ტერორიზმის წინააღმდეგ, რათა დავასრულოთ ძალადობა ავღანეთში და მის მიღმა".
ქაბულის აეროპორტთან გუშინ, 26 აგვისტოს 3 აფეთქება მოხდა.
დაიღუპა 72 ადამიანი, მათგან 60 ავღანელი, 12 კი - ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ევაკუაციის პროცესში მონაწილეობდა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ჟილეტი აამოქმედა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
მას შემდეგ, რაც ავღანეთში ძალაუფლება ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა აიღო, ქვეყნიდან მასობრივი ევაკუაცია გრძელდება. ავღანეთს ტოვებენ როგორც ადვილობრივები, ისე სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს თუ ორგანიზაციის თანამშრომლები.
ევაკუაციის პროცესში საქართველოც მონაწილეობს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ქაბულიდან ევაკუირებული ადამიანები სხვადასხვა ქვეყანაში თბილისის გავლით გადაჰყავთ.
ადმინისტრაციის ცნობით, თბილისის აეროპორტში განლაგდა ნატო-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით. ხოლო, ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისების საშუალებით (დღეისთვის განხორციელებულია 2 000-მდე მგზავრის ევაკუაცია).