logo
ENG



ზურაბ ადეიშვილს ტელეკომპანია იბერიას საქმეზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

05 მარ 202011:28
3 წუთის საკითხავი
 
8xnm8fcbs3an3nf.png

ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ადეიშვილს პატიმრობის გარდა დამატებით სასჯელად 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

რაც შეეხება მის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს, მას სასამართლომ 40-ათასლარიანი ჯარიმა შეუფარდა, დამატებით სასჯელად კი, 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა.

ადეიშვილსა და ლაცაბიძეს ბრალი 2016 წელს წარედგინათ. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლს ედავებოდა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 2004 წელს სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტს.

გამოძიების ცნობით, 2004 წლის იანვრის თვეში, საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს“ სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს. 


close დახურვა