კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა. ფორმულასთან საუბარში იგი მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.
ფაღავა ამბობს, რომ კონსოლიუმში დატოვა რეკომენდაციები, როდის და რა ტიპის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი. მისი თქმით, ამ რეკომენდაციებს კონსილიუმის სრული შემადგენლობა ეთანხმება.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დავტოვე. ამ თვის დასაწყისში გადავიტანე კოვიდი. მეგონა, კარგად ვიყავი და მართლაც კარგად ვგრძნობდი თავს. ბოლოს, ვიგრძენი, რომ მოსაწესრიგებელი ვარ.
რეკომენდაციები დატოვებულია და ხელმოწერილია. მკაფიოდ არის განსაზღვრული ყველაფერი, რა ანალზიებია გასაკეთებელი, რა შემთხვევაში უნდა დადგეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი და რა ტიპის ჰოსპიტალია რეკომენდირებული - მრავალპროფილური კვალიფიციური ჰოსპიტალი.
აბსოლუტურად ყველამ, ენდოკრინოლოგმა ნევროპათოლოგმა, ჰემატოლოგმა, რეანიმატოლოგმა და მე ხელი მოვაწერეთ ამას", - ამბობს ფაღავა.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდება, მას პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
სააკაშვილის ადვოკატები ამას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 25-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად რამდენიმე დღის წინ ციხეში ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა. მათ პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს.
სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.