logo
ENG



თავდაცვა: ბელარუსის ძალები ვაგნერელებთან ერთად წვრთნებს პოლონეთის საზღვართან ჩაატარებენ

20 ივლ 202315:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/20/t3wik00ntq48eff.jpg

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსი სამხედროები ვაგნერის მებრძოლებთან ერთად სამხედრო მომზადებას ბრესტის სამხედრო ბაზაზე, პოლონეთის საზღვრიდან 5 კილომეტრში გაივლიან. 

"ბელარუსის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ერთობლივ წვრთნას ვაგნერის მებრძოლებთან ერთად. კვირის განმავლობაში სპეცოპერაციის ძალების ქვედანაყოფები კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ბრესტის სამხედრო პოლიგონზე საბრძოლო მომზადების ამოცანებს შეიმუშავებენ", - აცხადებენ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პოლონური მხარე გამოეხმაურა. პოლონეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ პოლონეთის საზღვრები უსაფრთხოა და მუდმივად აკვირდებიან აღმოსავლეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს და მზად არიან "ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის".

გუშინ, 19 ივლისს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც დიდხნიანი გაუჩინარების შემდეგ, სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი გამოჩნდა. ვიდეოში ჩანს, რომ ის ბელარუსში, მინსკის სამხედრო ბაზაზე იმყოფება და თავის მებრძოლებს ესალმება.

"ის, რაც ფრონტზე ხდება, არის სირცხვილი, რომელშიც ჩვენ აღარ ჩავერევით. დღეიდან ჩვენ აფრიკისთვის უნდა მოვემზადოთ და გავწვრთნან ბელარუსის არმია", - ასე მიმართავს პრიგოჟინი ვაგნერის მებრძოლებს.

სამხედრო დაჯგუფება ვაგნერი და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში მას შემდეგ გადავიდა, რაც კომპანიის დამფუძნებელმა საკუთარი აჯანყება დაასრულა. 

1 ივლისს, ლუკაშენკომ კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის მებრძოლები ქვეყანაში მიიწვია და მისი სამხედროების მომზადება სთხოვა. ამის შესახებ მან ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.

ამასთან, მოგვიანებით ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვაგნერელებმა მათი სამხედროების წვრთნები დაიწყეს.


close დახურვა