logo
ENG



თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების მხარდამჭერები იკრიბებიან

14 დეკ 201914:55
3 წუთის საკითხავი
 
es60lovskn0h1kz.jpg

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-კონცერტზე დასასწრებად ჩამოსული ადამიანები უკვე იკრიბებიან. პარტიული აქტივი და საჯარო სექტორში დასაქმებული მოქალაქეები, სხვადასხვა რეგიონიდან დედაქალაქისკენ ორგანიზებულად მოჰყავთ. ზეიმის ოფიციალური მიზეზი, საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობაა, თუმცა პოლიტიკურ სპექტრში ყველა თანხმდება, რომ „ქართული ოცნება“, ამ საყოველთაო მობილიზაციით, ძალის დემონსტრაციას ცდილობს. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლებას ხალხი რეგიონებიდან დაშინებით ჩამოჰყავს და ამაზე საუბრობენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე - სახალხო დამცველი.

„მთელმა ქვეყანამ კარგად იცის, რომ ქართული ოცნების ერთადერთი დასაყრდენი ახლა არის სწორედ დაშინებული ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ნელ-ნელა ეს რესურსიც განუდგება იმ ძალას, რომელსაც არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ოპოზიციის მწვავე კრიტიკას არ იზიარებს მმართველი პარტია, „ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციურ პარტიებს დესტრუქციულ ძალებს უწოდებენ და მათ ბრალდებებს უარყოფენ.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლებას ბევრად უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ეს ამ აქციებზეა წარმოდგენილი.

„მე პირდაპირ შეგეკითხებით: თქვენ შორის თუ არის ადამიანი, ვისაც სჯერა რომ ქართულ ოცნებას არ ჰყავს 100 ათასი 200 ათასი და ბევრად მეტი მხარდამჭერიც, რასაც ყველა ბოლო არჩევნები აჩვენებს, თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ რიცხვებზე, მაგრამ ხალხი, რომელიც აქ შეიკრიბება, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ მხარდამჭერების, რომელიც ჰყავს ქართულ ოცნებას,  მაგრამ უფრო მეტად ეს არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის მომავალს გეგმებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ხელისუფლებებს და ხალხს ერთად და ეს ვის ინტერესებში შედის, ალბათ ვხედავთ“, - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

თავისუფლების მოედანზე უკრე იკრიბებიან მმართველი პარტიის მხარდამჭერები და რეგიონებიდან ჩამიყვანილი ადამიანები. ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება.


close დახურვა