ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას "საზოგადოებრივ აზრზე თავდასხმაში" ადანაშაულებს.
გარდა ამისა, თალაკვაძე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმურ ჩარევაზეც საუბრობს და ამის მაგალითად ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობას ასახელებს.
"შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების წინ თუნდაც ძირითადი ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე ხშირ შემთხვევაში თავდასხმას, იყო არალეგიტიმური ჩარევაც, მაგალითად მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და კანონის დარღვევით მონაწილეობდა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიაში. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლები ობიექტურად აფასებენ", - განაცხადა თალაკვაძემ.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა.
მასშტაბურ დარღვევებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებით.
ISFED, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%.
საია-ს წარმომადგენლებმა საოლქო კომისიებში 307 საჩივარი წარადგინეს. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. ორგანიზაცია 117 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს.
პარტიებმა გუშინ, 3 ნოემბერს, მემორანდუმიც გააფორმეს, რომლითაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერებმა კვირას 8 ნოემბერს 15:00 საათზე, პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია დააანონსეს.