ქართული ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებამ დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან და სრულფასოვნად არ იკვებება.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სააკაშვილის გარემოცვა მისი ჯანმრთელობით სპეკულირებს და "საზოგადოების დაძაბვას" ცდილობს.
"არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ეჭვი და კითხვის ნიშნები აქამდე, რომ პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან. ის ასევე არ იკვებება სრულფასოვნად, შესაბამისად მკურნალობის შედეგების კრიტიკა, ექიმების კრიტიკა, პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია ამ შემთხვევაში არის უსაფუძვლო. სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან დგას სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის ინტერესი, რომ მისი პატიმრობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები გამოიყენონ დესტაბილიზაციისთვის, რომ დაძაბონ ჩვენი საზოგადოება და შეიტანონ დისონანსი იმ პროცესში, რასაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჰქვია.
რეალობა არის ის, რომ სახელმწიფომ გამოხატა სრული მზადყოფნა მიაწოდოს სააკაშვილს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება, მოიწვიოს ნებისმიერი პროფილის ექიმი, ვისაც ჩათვლის საჭიროდ მისი ოჯახი და დაცვის მხარე, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სინამდვილეში ამ ადამიანებს არა მისი ჯანმრთელობა, არამედ სხვა ინტერესები აქვთ - ეს არის პოლიტიკური მოტივაცია და მართლმსაჯულებიდან თავის დაღწევა, კანონის გვერდის ავლით", - თქვა თალაკვაძემ.
14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა.
გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.