პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. კადრების გავრცელებით გუშინ, 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.
გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.
პენიტენციური სამსახური წერს:
"აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.
ვიდეოკადრები ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, კერძოდ მისი მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფისა და აგრესიული ქცევების ფაქტებს", - წერს პენიტენციური.
გუშინ ბრეგაძემ თქვა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით "გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი" და ამის ვიდეომტკიცებულებაც არსებობს.