ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე თანაგუნდელის, ბექა ოდიშარიას მიერ ქალების შეურაცხყოფაზე ამბობს, რომ "თუ ასეთი მიმართვა მართლაც იყო", ბოდიშის მოხდაა საჭირო.
"თუ ასეთი მიმართვა მართლაც იყო, რაც კრიტიკულ მედიაში გამოქვეყნდა, მაშინ მიმაჩნია და მიგვაჩნია, რა თქმა უნდა, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო და ბატონი ბექა ამასთან დაკავშირებით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ სიტუაციაში ნამდვილად არ შეეშლება, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს", - ამბობს თალაკვაძე.
დღეს პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოდიშარიამ დეპუტატი ქალები შეურაცხმყოფელი, მიზოგინური რეპლიკით მოიხსენია და მათ "მოუტ*ვნელი ქალები" უწოდა.
"დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში.
***
დღეს პარლამენტში კვოტირების საკითხს განიხილავდნენ, რასაც პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი. გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა, მათ კი ქართული ოცნება უჭერს მხარს, რომელმაც თავის დროზე ეს კანონპროექტი მიიღო.
არსებული ნორმით, პარტიები ვალდებულნი არიან, რომ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი იყოს. კანონპროექტი კი ამ ვალდებულებას აუქმებს.