პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ერთმნიშვნელოვან პასუხს არ სცემს კითხვას, შეუჩერებს თუ არა პარლამენტი მანდატებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და ამბობს, რომ "დროს წინ არ გავუსწროთ".
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდში საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება და ამის შემდეგ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც "დემოკრატიის საუკეთესო ინტერესებში" იქნება.
"სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და უკვე ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და ამაზე პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ რა იქნება ეს გადაწყვეტილება, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ წინ, ამაზე ჩვენ გვექნება გუნდში კიდევ ერთხელ მსჯელობა და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საუკეთესო ინტერესებში იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და იმისთვის, რომ ხალხის ნება განხორციელდეს ზუსტად ისეთი სახით, როგორც მათ ეს დააფიქსირეს საპარლამენტო არჩევნებში", - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, იმ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, ბოიკოტის რეჟიმში რჩება და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს. მათ შესაბამისი განცხადებებით პარლამენტს დიდი ხანია, მიმართეს, თუმცა, ქართულმა ოცნებას მანდატების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე ამ დრომდე არ გაუტანია. საკითხი კენჭისყრაზე 2 თებერვალს უნდა დადგეს.
მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია გირჩის დეპუტატებს, ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. ისინი პარლამენტში შესვლის საკითხს განიხილავენ. პარლამენტში პარტიოტთა ალიანსის სიით შევიდნენ ადამიანები, რომლებმაც სხვა პარტია, ევროპული სოციალისტები დააფუძნეს.