logo
ENG



თბილისის ერთ-ერთ ბარში კლიენტის ცემის გამო პოლიციამ 2 პირი დააკავა

03 სექ 202010:32
3 წუთის საკითხავი
 
qb66ih9q9gp829e.jpg

თბილისის ერთ-ერთ ბარში კლიენტის ცემის გამო პოლიციამ 2 პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები, რომლებიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს ამავე ბარის სტუმრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარის შედეგად, ორმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

"გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით", - წერია შსს-ს ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 22 აგვისტოს მოხდა. მოქალაქე ივიკო ფრუიძე აცხადებს, რომ თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე Skygirls Bar-ში დაცვის თანამშრომლებმა სცემეს, ხელი მოსტეხეს და ცხვირი გაუტეხეს. 

მოქალაქე იხსენებს, რომ ყველაფერი ბარის "აბსურდული ანგარიშით" დაიწყო, სადაც კოქტეილის ნაცვლად 25 ეწერა, მომსახურების პროცენტის გარდა კი, კიდევ იყო დამატებული გაურკვეველი სოლიდური თანხა. მისი თქმით, დაცვის თანამშრომლების აგრესია, ანგარიშის გამო მის მიერ გამოთქმულმა პროტესტმა გამოიწვია. 


close დახურვა