ზუსტად ერთ საათში ძალაში ახალი აკრძალვები შედის, - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი 10 დღით ჩაიკეტება. საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების გახშირებული დარღვევების გამო, ჩაკეტილი ქალაქების ჩამონათვალს, შესაძლოა, დაემატოს ზუგდიდიც. უკვე ცნობილია, რომ სააღდგომოდ აქ მოსახლეობას საფლავებზე გასვლასაც აუკრძალავენ.
განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო დღეს თბილისის გასასვლელებსა და დედაქალაქის ქუჩებშიც. მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ გარეთ მხოლოდ მძიმე სოციალური პირობების გამოა. ზოგი შემოსავლის მოძიებას ცდილობს, ზოგს კი პირველადი მოხმარების პროდუქტის მომარაგება სჭირდება. აგრარული ბაზრების დახურვის მიუხედავად, გარე ვაჭრობა გრძელდება ქალაქში რამდენიმე ობიექტთან. შიმშილის ზღვარზე მყოფი მოვაჭრეები ამბობენ, რომ ოჯახების გამოსაკვებად სხვა გზას ვერ ხედავენ
მთელი დღის განმავლობაში საცობები იყო საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელებში. მოსახლეობა საღამოს ცხრა საათამდე ცდილობდა ქალაქის დატოვებას. დედაქალაქის გასასვლელთან მოწყობილ გამშვებ პუნქტზე სამართალდამცველები დღის განმავლობაში არც გამსვლელებს და არც შემომსვლელებს არ ამოწმებდნენ.
ხალხმრავლობით თბილისს დღეს არც რუსთავი ჩამოუვარდებოდა. რომელიც ერთ-ერთია იმ 4 ქალაქიდან, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით 10 დღით იკეტება. მოსახლეობა აქაც ირწმუნება, რომ აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გამოდის. რუსთაველები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ პრევენციული ღონისძიებების გატარება დააგვიანა და ქალაქი უფრო ადრე უნდა ჩაეკეტათ.
საცობებია ქუთაისის მისადგომებთანაც. ახლომდებარე რეგიონებიდან მოსახლეობა პროდუქტების მოსამარაგებლად ქუთაისში ჩადის, ისინი 10 დღის განმავლობაში ქალაქში შესვლას ვეღარ შეძლებდნენ.
მთავრობის გადაწყვეტილებას ემხრობიან, მაგრამ პრობლემებზე ბათუმშიც საუბრობენ. რეგიონის სოფლების საკვებით ძირითადად ბათუმიდან მარაგდება - ბათუმში შიშობენ, რომ აჭარის სოფლებში საკვები პროდუქტების დეფიციტი შეიქმნება.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ შეზღუდვები არ შეეხება ტვირთბრუნვას და ისინი შეუფერხებლად განაგრძობენ საქმიანობას. მოსახლეობას კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ხალხმრავლობისა და წესების შეუსრულებლობის გამო შესაძლოა უახლოეს პერიოდში ქალაქი ზუგდიდიც დაიკეტოს, რწმუნებული არ გამორიცხავს რომ სასაფლაოების ჩაკეტვაც მოხდეს.
21:00 საათზე საქართველოს 4 დიდი ქალაქი ჩაიკეტება, თბილისში, რუსთავში,ქუთაისსა და ბათუმში 10 დღით შესვლაც და გამოსვლაც იკრძალება.