კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით, უწყება ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს.
როგორც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, 2022 წლიდან ოსტატების სერტიფიცირების სისტემა ამუშავდება.
დღეიდან 15 ივნისამდე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომში - კულტურის სამინისტრო) მიიღებს შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს:
- ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);
- ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი.
- კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი);
- სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები)
- მჭედელ-ზეინკალი;
- მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.
განაცხადების მიღების შემდეგ, კანდიდატები წარდგებიან სპეციალური კომისიის წინაშე, რომელიც პროფესიონალი არქიტექტორ-რესტავრატორებითა და დარგის სხვა შესაბამისი სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული. გასაუბრების შედეგად, კომისია ან გასცემს რეკომენდაციას კულტურის სამინისტროს სისტემაში დასაქმების შესახებ, ან მიუთითებს დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს (თეორიულ-პრაქტიკული წვრთნები) უზრუნველყოფს კულტურის სამინისტრო.
საბოლოო ჯამში, რეესტრში აღრიცხული ოსტატები მიიღებენ დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში - სერტიფიკატს. გათვალისწინებულია, რომ 2022 წლის 1 მაისიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთაც ექნებათ სერტიფიკატით დადასტურებული პროფესიული უნარები.