logo
ENG



თეგეტა: მზად ვართ, Pfizer-ის ვაქცინის შემოსატანად ხარისხიანი სამაცივრე ტრანსპორტი გამოვყოთ

13 იან 202122:37
3 წუთის საკითხავი
clock 1381
თეგეტა: მზად ვართ, Pfizer-ის ვაქცინის შემოსატანად ხარისხიანი სამაცივრე ტრანსპორტი გამოვყოთ

კომპანია თეგეტა მოტორსი აცხადებს, რომ მზად არის, სახელმწიფოს შესთავაზოს მაღალი ხარისხის სამაცივრე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ასევე Pfizer-ის მოთხოვნებს და ვაქცინის მინუს 80 გრადუს ტემპერატურაზე შენახვის შესაძლებლობას იძლევა.

კომპანია თენგიზ ცერცვაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ვინაიდან ფაიზერის ვაქცინას -80 გრადის ცელსიუსზე შენახვა სჭირდება, საქართველოს მისი ლოჯისტიკა და შემოტანა გაუჭირდება. 

თეგეტა ჰოლდინგს განცხადებით, მათ მიერ შეთავაზებული სამაცივრე სატრანსპორტო საშუალება გადაჭრის Pfizer-ის ვაქცინის ქვეყანაში შემოტანისა და ტრანსპორტირების ლოგისტიკურ პრობლემას. გარდა ამისა, სამაცივრე საშუალება შესაძლებელია, გამოყენებული იქნას როგორც ვაქცინაციის მობილური პუნქტი (Vaccination Mobile Facility).

"ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ვაქცინაციის ტექნიკური რესურსი მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქში არსებობს, თეგეტა ჰოლდინგის მიერ შეთავაზებული დანადგარი შესაძლებელს გახდის, დააჩქაროს რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაცია.

თეგეტა ჰოლდინგი მზად არის, უმოკლეს ვადებში მოახდინოს შესაბამისი რესურსების მობილიზება და პროფესიონალური გუნდის მეშვეობით მაქსიმალურად სწრაფად ჩაერთოს ვაქცინაციის ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული მხარის გამართვის პროცესში.

ჰოლდინგის მენეჯმენტი იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ ერთხელ წარმატებით ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარებაში". - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

  • აქ წაიკითხეთ, რა ვიცით ამ დრომდე კოვიდვაქცინის საქართველოში შემოტანასა და ვაქცინაციის გეგმაზე. 

close დახურვა