logo
ENG



თემურ კარბაიას საქმეზე ე.წ. მილიციის 2 თანამშრომელი დააკავეს

12 თებ 202412:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/12/2jjmy4t8dmapv7a.jpg

ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე გალის ე.წ. მილიციის 3 თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო.

ამ დროისთვის, ე.წ. მილიციის 2 თანამშრომელი დაკავებულია. ინფორმაციას დე ფაქტო პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და ძალადობით გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ე.წ. საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდა.

არსებული ინფორმაციით, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. კარბაიას ნათესავების ცნობით, ის სახლში მიდიოდა, როცა მილიციის თანამშრომლებმა შესამოწმებლად გააჩერეს. რა მოხდა ამის შემდეგ, ოჯახი ინფორმირებული არ არის, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ თემურ კარბაიას სასიკვდილოდ პოლიციელებმა სცემეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია 10 დეკემბერს გავრცელდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კარბაია დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, შემდეგ კი მისი შეურაცხყოფა და ცემა დაიწყეს. ნაცემი კაცი ჯერ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

თემურ კარბაია გალში 16 დეკემბერს დაკრძალეს. მოძრაობა აფხაზეთისთვის ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა 15 დეკემბერს ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ის ცემის შედეგად დაიღუპა. 


close დახურვა